რა უნდა ვიცოდეთ მოსავლის აღების დროს?

სამაცივრე საკნებში დიდხანს რომ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული, ამისათვის აუცილებელია გავითვალისწინოთ რიგი საკითხები. მთავრია მოსავლის აღების დროის ზუსტი და სწორი შერჩევა. კრეფის დაწყების დროის განსაზღვრა დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედის სიმწიფეში ხილი ან ბოსტნეული და სიმწიფის რომელ სტადიაში აიღებთ მოსავალს. არსებობს სიმწიფის ბოტანიკური და მოხმარებითი სტადია. ბოტანიკური სიმწიფის დროს ნაყოფს დასრულებული აქვს ზრდა-განვითარება, დაგროვებული აქვს სამარაგო ნივთიერებები, თესლი სრულად ჩამოყალიბებული და ფორმირებულია. ბოტანიკურ სიმწიფეს შესაძლებელია ვუწოდოთ საკრეფი სიმწიფე. ამ დროს ნაყოფი ადვილად წყდება ან სცილდება დედამცენარეს. ასეთი პროდუქტის ხანგრძლივად შენახვა შესაძლებელია სამაცივრე საკნებში. რაც შეეხება მოხმარებით სიმწიფეს, ეს არის ნაყოფის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ის ვარგისია საკვებად. ასეთი პროდუქტის დიდხანს სამაცივრე საკანში დასაწყობება არ არის რეკომენდებული.
როგორ დავადგინოთ ნაყოფის საკრეფი სიმწიფის სტადია? პირველ რიგში ნაყოფის შეფასება ხდება გარეგნულად. მას უნდა ჰქონდეს მისთვის დამახასიათებელი სიმსხო, შეფერილობა, აუცილებელია იყოს საღი, არ უნდა შეიმჩნეოდეს ლაქები (რომელიც შესაძლებელია რომელიმე დაავადების მანიშნებელი იყოს), დედა მცენარისაგან ნაყოფი ადვილად სცილდებოდეს. მისი რბილობი უნდა იყოს მკვრივი, ნაყოფი არ იყოს დაზიანებული. ყველა ეს ზემოთხსენებული ფაქტორები გასათვალისწინებელია თუ კი თქვენ გეგმავთ სამაცივრე საკანში ხილის ან ბოსტნეულის დასაწყობებას ხანგრძლივი დროით.
გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ გრძელვადიანი შენახვისათვის განკუთვნილი ხილისა ან ბოსტნეულის კრეფის ოპტიმალური პერიოდი.
veggiesw3
ბოსტნეული

კარტოფილი
დაუშვებელია შესანახად განკუთვნილი კარტოფილის ტუბერის მექანიკური დაზიანება, სიდამპლის ნიშნები, ზედაპირზე მუქი ლაქები. ის უნდა იყოს მკვრივი, ნაოჭების გარეშე. ხანგრძლივად შესანახი კარტოფილის ტუბერის კანი უნდა იყოს სქელი.

ხახვი და ნიორი
ხახვისა და ნიორის ბოლქვების შენახვისას მოსვენების სტადიის სიღრმე დამოკიდებულია მათ სრულ დამწიფებაზე. რაც უფრო დამწიფებულია ბოლქვი მით უფრო ღრმადაა მოსვენებული და არ ავადდება ყელის სიდამპლით. მოსავლის აღების დროს გასათვალისწინებელია ბუნებრივი შრობის პროცესი. აღებული ნედლეულის დაყოვნება ხდება ველზე, რომ გამოშრეს ბოლქვის ნედლი ზედა ნაწილი. შესანახი ხახვისა და ნიორის ბოლქვი უნდა იყოს დაზიანებების გარეშე, ქერქი უნდა იყოს სქელი და გარეთა ფურცლოვანი ნაწილი არ უნდა სცილდებოდეს შიდა რბილობს. ამასთანავე არ უნდა შეიმჩნეოდეს მათ ზედაპირზე სიდამპლის ნიშნები ან მუქი ლაქები, ის უნდა იყოს საღი და მკვრივი.

კომბოსტო

კომბოსტოს ხანგრძლივად შენახვის დროს გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: კომბოსტოს თავი და ფოთლები უნდა იყოს საღი, მკვრივი, გარე მასა მომწვანო ფერის, დაუშვებელია სიდამპლის ნიშნები. მურკი ანუ ღერო, რომელიც მცენარის პროდუქტიული ნაწილია, უნდა იყოს საღი, თეთრი ფერის. კომბოსტოს აღების დროს მნიშვნელოვანია მისი სწრაფად სამაცივრე საკანში მოთავსება, რომ დროულად მოხდეს პროდუქტის გაცივება. ამით თავიდან ავიცილებთ მის აღმოცენებას, აგრეთვე ფოთლის ფერის შეცვლასა და ჭკნობას.

ჭარხალი და სტაფილო

ძირხვენების ჭარხლისა და სტაფილოს დიდი ხნით შენახვისათვის გასათვალისწინებელია რიგი თავისებურებები. უპირველეს ყოვლისა ძირხვენები არ უნდა იყოს დაზიანებული, არ ჰქონდეს ლაქები და სიდამპლის ნიშნები. სტაფილოს კანი ჭარხლისაგან განსხვავებით არის თხელი და ნაზი, ამიტომ სტაფილოს გაფუჭების რისკი უფრო დიდია ვიდრე ჭარხლის. სწორედ ეს განაპირობებს მისი ფაქიზად შენახვის პირობებს. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მოსავლის აღების შემდეგ მათი სწრაფად განთავსება სამაცივრე საკნებში და პროდქუტის სწრაფად გაცივება.

fruites23

 

ხილი
ვაშლი და მსხალი
ვაშლი და მსხალი თესლოვან ხილს მიეკუთვნება. მათი საგვიანო ჯიშები საკრეფ სიმწიფეში არის დაუმწიფებელი (მკვახე) და მოსავლის აღების შემდეგ გარკვეული პერიოდია საჭირო, რომ მომწიფდეს და საკვებად იყოს ვარგისი. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები, რომ ხანგრძლივად შევძლოთ მათი შენახვა. ნაყოფი უნდა იყოს საღი, მკვრივი, არ უნდა შეიმჩნეოდეს მუქი ლაქები და ხაზები, სიდამპლის ნიშნები. მთავარი პირობა და მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ვაშლისა და მსხლის მოკრეფის შემდეგ სწრაფად უნდა მოხდეს მათი გაცივება, რომ შესაძლებელი იყოს მათი დიდი ხნით შენახვა.

ციტრუსები
ციტრუსების შენახვის ტემპერატურა და ხანგრძლივობა რეგულირდება ნაყოფის სიმწიფის მიხედვით. ციტრუსის მოსაკრეფი პერიოდი განისაზღვრება მათი სიმწიფის დონის მიხედვით, ამ დროს ნაყოფი ადვილად უნდა სცილდებოდეს დედა მცენარეს. იმისათვის, რომ ხანგრძლივად შევძლოთ ციტრუსების შენახვა, ამისათვის მოკრეფის დროს ხდება მათი გადარჩევა. ეს შესაძლებელია ნაყოფის შეფერილობით განისაზღვროს. დიდხანს შესანახი ციტრუსი უნდა იყოს მკვრივი, არ შეინიშნებოდეს ლაქები, მუქი ხაზები, ყუნწი უნდა იყოს კარგი მწვანე ფერის. მნიშვნელოვანია, რომ ნაყოფი იყოს მოყვითალო-მომწვანო ფერის. მუქი მწვანე ფერი არ შეიძლება, ვინაიდან ნაყოფის მომწიფება და მისთვის დამახასიათებელი ხარისხობრივი მუქი ყვითელი-მოწითალო ფერის მიღება დაბალ ტემპერატურაზე შენახვის პირობებში შეუძლებელია.

ატამი
ატამი სპეციფიკური ანატომიურმორფოლოგიური აგებულების გამო არამდგრადია შენახვის მიმართ. ატამი უნდა იყოს მკვრივი, საღი, მოყვითალომოწითალო ფერის, ლაქების გარეშე. ადვილად უნდა სცილდებოდეს დედა მცენარეს. მოსავალი იღება ზაფხულის ცხელ პერიოდში, ამიტომ აუცილებელია მისი სწრაფად გაცივება, რომ შევძლოთ  შენახვის პერიოდის გახანგრძლივება. გაითვალისწინეთ, რომ მომწვანო ფერის ატამი არ უნდა მოიკრიფოს, ვინაიდან მისი სრული მომწიფება დედა მცენარის გარეშე შეუძლებელია. ამ დროს კარგავს სასურსათო იერსახეს, აგრეთვე საგემოვნო თვისებებს. ასეთი ატამი უვარგისია სარეალიზაციოდ.

სასუფრე ყურძენი
შესანახი სასუფრე ყურძნის მარცვლები უნდა იყოს მკვრივი, საღი, ლაქების გარეშე, ჯიშისათვის დამახასიათებელი შეფერილობით. იმისათვის რომ ხანგრძლივი დროით შევინახოთ სასუფრე ყურძენი, საჭიროა და აუცილებელია მოსავლის აღებისთანავე მოხდეს მისი სწრაფი გაცივება.

კარალიოკი და ხურმა

საქართველოში კარალიოკის და ხურმის მოსავალი იღება შემოდგომაზე. შესანახი ნაყოფი უნდა იყოს მკვრივი, საღი, ლაქების გარეშე. ფერი უმჯობესია იყოს ღია მოყვითალოფორთოხლის ფერი, სამაცივრე საკნიდან მისი გამოტანის შემდგომ და რეალიზაციის წინ უმჯობესია პროდუქტი დავაყოვნოთ, რომ მივიღოთ ოდნავ მუქი ფერი, ასეთი ნაყოფი სარეალიზაციოდ ვარგისია

ფეიხოა

სხვა ხილისაგან განხსვავებით ფეიხოაში რთულია ფერის მიხედვით დადგინდეს მისი მწიფობაში შესვლის პერიოდი, ვინაიდან მოუმწიფებელი და მომწიფებული ნაყოფი ორივე ერთი, მუქი მწვანე, ფერისაა. ფეიხოას შენახვის პერიოდი, რომ გავახანგრძლივოთ გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: ადვილად უნდა სცილდებოდეს დედა მცენარეს, უნდა იყოს მკვრივი, საღი, ლაქების გარეშე.

კივი
საქართველოში კივის მოსავალი იღება შემოდგომაზე, იმისათვის, რომ გავახანგრძლივოთ კივის შენახვის პერიოდი სამაცივრე საკანში, ამისათვის გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: ნაყოფი უნდა იყოს მკვრივი, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, ლაქები გარეშე, დედა მცენარიდან ადვილად სცილდებოდეს.

ბროწეული
ბროწეულის მოსავლის აღება ხდება, როდესაც ნაყოფი მიაღწევს მისთვის დამახასიათებელ ზომას და ფერს და თან დედა მცენარიდან ადვილად უნდა სცილდებოდეს. მნიშვნელოვანია რომ ბროწეულის ნაყოფი უნდა იყოს მკვრივი, საღი, ლაქების გარეშე.